24 ივნისი 2019,   20:39
ვრცლად
ბანკებს სადაზღვევო სექტორი უპირისპირდება - 12 კომპანია მათ კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს

ბანკებს სადაზღვევო სექტორი უპირისპირდება - 12 კომპანია მათ კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს.

სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბანკები, რომლებსაც შვილობილი სადაზღვევო კომპანიები აქვთ, არაკეთილსინდისიერად იქცევიან, საკუთარ კლიენტებს სადაზღვევოს არჩევის შესაძლებლობას არ აძლევენ და აიძულებენ, სადაზღვევო ხელშეკრულება მათ კომპანიებთან გააფორმონ.

სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკებისათვის სადაზღვევო საქმიანობის სრულად აკრძალვას არ ითხოვენ, თუმცა, ფიქრობენ, რეგულაციების შემოღების გარეშე, მათი საქმიანობა აზრს დაკარგავს.

12 სადაზღვევო მთავრობას ბანკებისთვის კონკურენციის შესახებ კანონის ამოქმედებას სთხოვს, პარლამენტს კი დამატებითი შეზღუდვების შემოღებას.

ქვეყნის უმსხვილესი თიბისი ბანკი სადაზღვევო კომპანიას უკვე ფლობს, სადაზღვევო კომპანია აქვს ქართუ ჯგუფს, რომელიც ქართუ ბანკისა და ქართუ დაზღვევის მფლობელია.

უახლოს მომავალში დაზღვევის სფეროში ოპერირებას დაიწყებს საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიაც. 12 სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნას ბანკებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ ეწინააღმდეგება საბანკო სფერო.

სადაზღვევო კომპანიები რეგულაციების დაწესებას სთხოვენ ეროვნულ ბანკსაც, თუმცა, ცენტრალურ ბანკში დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის შეზღუდვები დაწესდება. სადაზღვევო კომპანიებსა და კომერციულ ბანკებს დაპირისპირება, სავარაუდოდ, უკვე პარლამენტში საკანონდებლო ცვლილებების განხილვისას მოუწევთ.

დღის ამბები