19 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
„მათი მიზანი იყო ანგარიშსწორება და ეს განახორციელეს მთელი სისასტიკით" - ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების მიზეზზე საუბრობს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი კიდევ ერთხელ განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ის დედის - ია კერზაიას, გარდაცვალებას პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებს.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება იყო სპეცოპერაცია, რომელიც კონკრეტული მიზნით განხორციელდა, რომ „ურჩი სკოლებისთვის ესწავლებინათ წინასაარჩევნოდ ჭკუა“.

მისივე თქმით, ინსპექტირებამდე იყო მითითებები, რომ მას ემუშავა წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ია კერზაიას უარის შემდეგ კი,  ბაჩანა შენგელაია აცხადებს, რომ დაიწყო რეპრესიები მისი დედის წინააღმდეგ.

„დღემდე არსებობს მხოლოდ ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზე იმავე დღეს მინისტრის #414 ბრძანებით ხდება ინსპექტირების ჯგუფის გამოგზავნა #6 საჯარო სკოლაში, რომელიც იმ დღესვე ჩამოდის და უკვე 9 ნოემბერს იწყებს ამ ჩანაფიქრის განხორციელებას,“ - განაცხადა ბაჩანა  შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია ვარაუდობს, რომ ანონიმურ წერილს ფორმალური ხელმომწერი ჰყავს, თუმცა, რეალური ავტორი სხვა არის.

„ის წერილი გაყალბებულიც არის და ხელმომწერიც მასზე არ არის რეალური,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე თქმით, სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლის შემდეგ პროცესი ერთი კვირა გაგრძელდა. ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიზანი იყო ანგარიშსწორება.

„მათი მიზანი იყო თავდაპირველად, დასაწყისშივე ანგარიშსწორება და მათ ეს ანგარიშსწორება განახორციელეს მთელი სისასტიკით, მაქსიმალურად ხისტი ფორმებით, როგორც კი შეეძლოთ,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ და აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს ინსპექტირების სამსახურმა არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა.  

გარდა ამისა, ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაია ცდილობდა, დაკავშირებოდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს, რომ ჩაეყენებინა ის საქმის კურსში, თუმცა, მან ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის ზარებს არ უპასუხა. 

შეგახსენებთ, რომ ია კერზაიას ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ოჯახი მომხდარს ია კერზაიას მიმართ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას უკავშირებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და შემდეგ გარდაცვალებით დასრულდა. ოჯახი მომხდარის სამართლებრივ შესწავლას ითხოვს. ბაჩანა შენგელია იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც სკოლაში ინსპექტირება განახორციელა და ვინც გასცა აღნიშნული ბრძანება. მათ შორის არის განათლების მინისტრიც. 

დღის ამბები