24 ივნისი 2019,   20:37
ვრცლად
საბავშვო ბაღის მასწავლებლები და მეეზოვეები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ

წინასაარჩევნო ზეწოლა მოსახლეობაზე - საბავშვო ბაღის მასწავლებლები და მეეზოვეები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე არჩევანის ეთერში საუბრობენ.

169-ე საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი, ფიქრია ჩახნაშვილი, ამბობს, რომ 2015 წლის ნოემბერში წინასაპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაათავისუფლეს.

ჩახნაშვილის თქმით, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელისგან, თემურ თორდინავასგან, იყო მოთხოვნა, რომ ბაღში მისთვის სასურველი კადრების დანიშვნის მიზნით სხვა თანამშრომლები გაეთავისუფლებინათ.

ოცნების აგიტატორები და კოორდინატორები უნდა ყოფილიყვნენ, რაზეც მე განვაცხადე უარი, რომ მე ასეთ საქმეს არ მოვაწერდი ხელს. მიუხედავად ამისა, მან რამდენჯერმე მომმართა, ეს იყო წერილობით, იყო ასევე კაბინეტში დაბარებები და ყოველთვის უარს ვაცხადებდი,“ - ამბობს ჩახნაშვილი.

ჩახნაშვილის თქმით, გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ ის იყო „ურჩი დირექტორი“, რომელიც არ ემორჩილებოდა თორდინავას.

ჩახნაშვილმა თორდინავას ბრძანება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო და აღადგინა თანამდებობაზე.

ფიქრია ჩახნაშვილის თქმით, აღდგენის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვლავ მოსთხოვეს არჩევნებში სასურველი შედეგის მიღების მიზნით ხმების მობილიზება.

ჩახნაშვილი ამბობს, რომ პირველი ტურის შემდეგ „ჩატარდა სპეცოპერაცია" 169-ე ბაგა-ბაღში.

"თავს დაგვესხნენ 9-კაციანი ჯგუფი, ოფიციალურად სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ. ჩაატარეს სპეცოპერაცია ბაღში, სადაც იმყოფებოდნენ პედაგოგები და ბავშვები. ამჯერად მედავებიან ერთ ბანანს“, - ამბობს ჩახნაშვილი. 

ფიქრია ჩახნაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტების გამო მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, თუმცა, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს ასევე 50-ე საბავშვო ბაღის ყოფილი მასწავლებელი, თამარ ასანიძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გაათავისუფლეს. ასანიძის თქმით, გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი განცხადება, როდესაც წინასაარჩევნო სიებთან დაკავშირებით საუბრობდა.

თამარ ასანიძე გათავისუფლების მიზეზად მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებასაც ასახელებს, რადგან მისი ქმარი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია.

ასანიძის თქმით, ის აპოლიტიკური პირია და საბავშვო ბაღში მხოლოდ მისთვის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.

თამარ ასანიძე აცხადებს, რომ 50-ე საბავშვო ბაღის დირექტორიც, სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. ასანიძის განცხადებით, ის შემოსავლის გარეშე დარჩა, თუმცა, ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს ასევე გათავისუფლებული მეეზოვე, ჯამბულა სოინოღლი. მისი თქმით, მეუღლესთან ერთად კასპიდან თბილისში სამუშაოდ დადიოდა. სოინოღლის თქმით, 4 წელი შენიშვნის გარეშე იმუშავა.

სოინოღლი ამბობს, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მის გასათავისუფლებლად მიზეზს ეძებდნენ. სოინოღლის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, სამჯერ უნდა მიეღო გაფრთხილება, რომ ის გაეთავისუფლებინათ, თუმცა, პირველივე შენიშვნაზე გაუშვეს სამსახურიდან.

„8 ნოემბერს მირეკავს ბრიგადირი, რომ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. მე ახლა რა გავაკეთო, სად წავიდე?.. მეეზოვე კაცი ვარ, არ შემიძლია, ვინმეს მხარი დავიჭირო ან ვინმეს მხარეს ვიყო? არ ვიცოცხლო? მეეზოვე კაცი ვარ, გინდ, ნაციონალი ვიყო, გინდ, ოცნება ვიყო, ვინც გინდა ვიყო, მე რახან ოპოზიციაში ვიყავი, მე არ მეკუთვნის რომ ვიმუშაო ჩემს ქალაქში?“ - ამბობს ჯამბულა სოინოღლი.

დღის ამბები