18 იანვარი 2019,   06:28
ვრცლად
"სისტემური შეფასება უნდა მოვახდინოთ, ზოგადად, აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის" - მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, მასწავლებლების, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ჯაში გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდებოდეს, რადგან მასთან მასწავლებლებს შეხვედრის დროს მსგავს პრობლემაზე არ უსაუბრიათ.

მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ზუგდიდის ნომერ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

ჯაში ასევე ეხმაურება ია კერზაიას შვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისმა დედამ პარლამენტის წევრთან კომუნიკაცია სცადა, თუმცა, ჯაში არ გამოეხმაურა.

მარიამ ჯაშის თქმით, მან გუშინ გაიგო, რომ ია კერზაია ცდილობდა მასთან კომინიკაციას და ამბობს, რომ კერზაიასგან გაგზავნილი წერილი მხოლოდ გუშინ ნახა. მისივე თქმით, მანამდე რომ ენახა შეტყობინება, წერილის შინაარსიდან გამომდინარე, არ დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქმე ასე სერიოზული იყო.

მარიამ ჯაშის თქმით, 24 დეკემბერს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი საგანგებო საკომიტეტო მოსმენას გეგმავს, სადაც განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს შემოწმებებთან დაკავშირებით სრული სურათის წარდგენას სთხოვენ.

„ჩვენ სისტემური შეფასება უნდა მოვახდინოთ, ზოგადად, აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის. როდესაც სისტემურ პრობლემებზეა საუბარი, ბუნებრივია, რეაგირების საერთო სქემები არსებობს. 24 დეკემბერს იქნება კომიტეტის სხდომა. იმის გამო, რომ მე მინდა დეტალური ინფორმაცია, ამიტომ ვაძლევ ამ დროს შესაბამის სამსახურს, რომ მათ შეძლონ სრულყოფილი სურათის წარმოდგენა, რომ ჩვენ კარგად გავერკვეთ საფუძვლებში. მეც გეთანხმებით, რომ ანონიმური წერილი, ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომლითაც შესაბამისი სამართლებრივი პროცესები იწყებოდეს და იქნებ ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ რეგულაციები მხრიდან გადავხედოთ და შევცვალოთ,“ - ამბობს ჯაში.

მარიამ ჯაშის თქმით, აუცილებელია საჯარო სექტორების დეპოლიტიზირება. ის ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიტიზირების კუთხით მდგომარეობა შეცვლილია.

მარიამ ჯაში ასევე ეხმაურება განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებას და ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის შინაარს. ჯაშის თქმით, საბჭომ განიხილა სამინისტროს გენერალური ინსპექტირების რეკომენდაციები და საბოლოო დასკვნაში მათ არ გაითვალისწინეს დირექტორის გათავისუფლების საკითხი.

ჯაშის განცხადებით, მინისტრს შეეძლო ია კერზაიას გათავისუფლება, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, არ მიიღო.

მარიამ ჯაშის თქმით, განათლების მინისტრი პარლამენტში მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას გეგმავს. 

დღის ამბები