20 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია - ბექა ძამაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სტრასბურგში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი აფასებს. მისი განცხადებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია.

„ცხინვალში მცხოვრები პირები მიუთითებდნენ და ჩიოდნენ, რომ 2008 წლის ომის ფარგლებში საქართველოს მოქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს და გამოიწვია მათი საკუთრების დაზიანება, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა ეს სარჩელი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.

"აქ აშკარად დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში არ უწარმოებია ისეთი  სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანების უფლებების დარღვევას გამოიწვევდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ უკვე სასამართლოს განჩინებასა და გადაწყვეტილებაშია ეს დაფიქსირებული,“- ამბობს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ბექა ძამაშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალიდან მოქალაქეების სარჩელები არ მიიღო.

სასამართლოს ინფორმაციით, მათ საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედებების გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, კერძო საკუთრება კი განადგურდა.

დღის ამბები