19 დეკემბერი 2024,   08:07
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში აქციას, მერიის უარის მიუხედავად, მაინც გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია თელავის ცენტრში აქციას, მერიის უარის მიუხედავად, მაინც გამართავს. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თელავის მერიამ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სამშვიდობო აქციის გამართვასთან დაკავშირებით გაგზავნილ მოთხოვნას არაარგუმენტირებულად უპასუხა.

ბოტკოველისთვის გაუგებარია, თელავის მერის არგუმენტი, რომ, თითქოს, ოპოზიციის მიერ მოთხოვილი ტერიტორია ინაუგურაციისთვის საჭირო ტერიტორიას ემთხვევა.

„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, პირველ რიგში, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციამ თელავის მერიას მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ტერიტორიის გამოყოფის მიზნით ორი დღის წინ მიმართა.  მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.

 

დღის ამბები