23 ნოემბერი 2024,   08:01
ვრცლად
"თუ ექსცესები იქნება მზად ვართ" - თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა. ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით არიან შეირაღებულები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ კახეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა დროებით შეზღუდული იქნება.

„ამისთვის ვართ ჩვენ, რომ დავიცვათ უსაფრთხოება როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პრეზიდენტის ინაუგურაციამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში და სხვადასხვა პროვოკაციის და ექსცესების გარეშე,“ - ამბობს კუპატაძე. 

ინაუგურაციის ცერემონიამდე 6 საათი რჩება. ოპოზიცია მასშტაბური აქციის გამართვას ერეკლე მეორეს სასახლესთან ახლოს რუსთაველის გამზირზე აპირებს. თუმცა, რამდენად მოახერხებენ ისინი სამართალდამცველების მიერ გადაკეტილ ქალაქში შესვლას, ამ დრომდე უცნობია.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ სამართალდამცავების მობილიზება არა დაგეგმილ აქციას, არამედ ინაუგურაციას უკავშირდება. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას იმ ტერიტორიაზე შეძლებს, სადაც ნებართვა გასცა მერიამ.

„რაიმე ექსცესის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ თუ იქნება მზად ვიქნებით. ამხელა მობილიზაცია უკავშირდება ინაუგურაციას, რომ ჩაიაროს მშვიდად,“ - აღნიშნა ჩუბინიძემ.

თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ თელავის ცენტრში გამართოს აქცია, სადაც საპრეზიდენტო არჩვენების გაყალბებას გააპროტესტებენ.

დღის ამბები