23 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
არა სალომეს! - რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისიდან დაძრული კოლონა თელავში არ შეუშვეს, ამბობენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და სწორედ რუსთაველის გამზირიდან გააპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მიერ მოპარულ არჩევნებს.

„ჩვენ დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაპროტესტოთ ის მოპარული არჩევნები, რომელიც წაართვეს ხალხს კრიმინალებმა,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის ხელისუფლება და ის გახდა რეჟიმი.

„პირდაპირი დარბევა მიდიოდა. დაზიანებულია ათობით ავტომობილი, ნაცემია ასობით ადამიანი და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებას უნდა, რომ პრეზიდენტად დაგვისვან სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არ შევეგუებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მისგან დანიშნულ პრეზიდენტს,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, ბესო შენგელიამ.

არა სალომეს! - ამ წარწერებით ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი კარავი განათავსეს.

რუსთაველის გამზირზე მივიდა ზვიად კუპრავაც, რომელიც თვეების განმავლობაში შვილმოკლული მამების გვერდით აქციაზე იდგა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი, რომელსაც ჯარმა არ მისცა ხმა და ჰყავს პრეზიდენტი რომელსაც ხალხმა არ დაუჭირა მხარი.

"თითოეული მოქალაქე დაიცავს საკუთარ არჩევანს და არ მისცემს ესკობარის ხელისუფლებას იმ შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბონ საქართველოში და გაყალბებული ნება მოახვიონ თავს ქართველ ერს,"- განაცხადა ზვიად კუპრავამ

ამავე თემაზე
დღის ამბები