დავით კირკიტაძის დაკავებას სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია მზად არის, ჩაერთოს პროცესში თუ კი ამის სურვილს თავად ბრალდებული გამოთქვამს.
„ახალ გავიგე მისი დაკავების ფაქტის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩავერთვები ამ პროცესში თუ მას დასჭირდება დახმარება ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს ჩვენ შევისწავლით,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა პოლიციელზე თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. ინციდენტი გუშინ სოფელ ველისციხესთან მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თელავში არ შეუშვეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სოფელ ველისციხესთან გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავდა 4 მოქალაქე და 10 პოლიციელი.
„მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით. იქნება ეს პოლიციელი თუ იქნება ეს აქციის მონაწილე,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.