საგანგებო შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან" - ხვალ ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრებს როსტომ მეფის სასახლეში შეხვდება და იმ დიდი დაპირისპირების ამბავს გაარჩევს, რომელსაც ეკა ბესელიას თანამდებობა უკვე შეეწირა. პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ მისი პარტიის წევრებს შეხვდება. განხეთქილება, რომ მხოლოდ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლით არ დასრულდება, ამას "ქართულ ოცნებაშიც" არც მალავენ.
კიდევ ვისი პოსტები შეეწირება მწვავე დაპირისპირებას და გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას პარტიიდან, ეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ბესელიას მხარდამჭერი დეპუტატები კი მოითხოვენ, რომ დაიწყოს იმ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება, რომლის გამოც "ოცნებაში" კრიზისია. კერძოდ, ე.წ. ძველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ მოსამართლეობის კანდიდატების გამო დაწყებული დაპირისპირება მხოლოდ საბაბია. განხეთქილების მიზეზი კი "ქართული ოცნების" კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაა. ოპოზიციის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს, მოსამართლედ "ქართული ოცნება" მაინც აირჩევს.
"ევროპული საქართველო" კი ინიციატივით გამოდის, მოხდეს სისტემის სრული რეფორმირება და მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა 2 ეტაპად განხორციელდეს. კანდიდატების შერჩევის პირველი ეტაპი იუსტიციის საბჭო, მეორე ეტაპი კი პარლამენტში შექმნილი საგანგებო კომისია უნდა იყოს.