საახალწლო მილოცვა, რომელიც ქუთაისის მერის გარშემო მორიგი გაუგებრობის მიზეზი გახდა - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გიორგი ჭიღვარიას გზავნილში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მერმა ადგილობრივებს ახალი წლის დადგომა გორის საკრებულოს თავმჯდომარის იდენტური ტექსტით მიულოცა.
თარიღის მიხედვით, ტექსტის ავტორი გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეა, რაზმაძის ტექსტი კი ქუთაისის მერმა მოიპარა. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა სოციალურ ქსელში 31 დეკემბერს 15 საათსა და 53 წუთზე გამოჩნდა. გიორგი ჭიღვარიამ კი ადგილობრივებს ახალი 2019 წელი ღამით, 22 საათსა და 20 წუთზე მიულოცა.
მოგვიანებით მოპარული მილოცვა დაკორექტირდა და განმარტებებიც მოყვა. ჭიღვარიას პრესსამსახურის თანამშრომელმა დავით ლიკლიკაძემ განაცხადა, რომ ტექსტი ქუთაისის მერს არ მოუპარავს და ის მან, როგორც პიარის სპეციალისტმა, შაბლონის მიხედვით შეადგინა.
ჯერ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, შემდეგ კი ქუთაისის მერის მიერ გავრცელებული მილოცვა შაბლონად გამოიყენა ტყიბულიც მერმაც. მერის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული მილოცვაში ზუსტად მეორდება რამდენიმე ფრაზა. ფაქტია, რომ ტექსტის სამივე ავტორს გაჭირვებული მოსახლეობის მიმართ იდენტური სენტიმენტები აღმოაჩნდა.