გორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, ხუთი შვილის დედა, 39 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. ასევე როგორც ცნობილია, მას გულის სამკარიანი სარქველის მანკი ჰქონდა.
გორის კლინიკურ საავადმყოფოში მისვლამდე, ოჯახს პაციენტი სხვა კერძო კლინიკაში ჰყავდა გადაყვანილი, სადაც ის არ მიიღეს.
გარდაიცვალა თუ არა H1N1 ტიპის ვირუსით გორში ახალგაზრდა პაციენტი, ზუსტად ჯერ დადგენილი არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კვლევის შედეგებს ელოდებიან. ამირან გამყრელიძის თქმით, კლინიკებში გრიპით მიმართვიანობა გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის ვირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.