23 დეკემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ფარული კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში" - ეკა ბესელია თანამოაზრეების შემოკრებას იწყებს

ფარული კონსულტაციები ქართულ ოცნებაში - ეკა ბესელია თანამოაზრეების შემოკრებას იწყებს. მმართველი პარტიის ძირითადი ნაწილი კი საბოლოო განაჩენისთვის პრემიერს ხვდება.

ძველ კაბინეტში და უმრავლესობის რიგითი წევრის სტატუსით ეკა ბესელიამ კონსულტაციები საკუთარ თანამოაზრეებთან დღეს დილიდან დაიწყო.

დეპუტატთან პირველი უმრავლესობიდან გარიცხული მისი კოლეგა მივიდა, რომლის მომავალსაც და მმართველი პარტიის რიგებიდან გარიცხვას პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას უწინასწარმეტყველებს.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ულტიმატუმი და მოთხოვნა დღესაც უცვლელი იყო. ე.წ. ახლების გუნდმა პარლამენტიდან მოსამართლეობის კანდიდატების სადავო სია გაიწვიოს.

დღესვე ქართული ოცნების ე.წ. ახლების გუნდი კახეთში დახურულ მოლაპარაკებაზე პრემიერთან იყო შეკრებილი. ე.წ. ახლების გუნდი დღეს კატეგორიული არ იყო და უმრავლესობიდან ბესელია გარიცხვა აღარ უხსენებია.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც უმრავლესობა დახურულ შეხვედრაზე კახეთში მსჯელობდა, სავარაუდოდ, სწორედ ეკა ბესელიასა და სხვა ამბოხებული დეპუტატების საკითხი იყო. ეკა ბესელია კი მის თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობის სხდომის მოწვევას მომავალ კვირას ითხოვს. სწორედ ამ შეკრებაზე აპირებენ ამბოხებულები ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას.

უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდან სოციალ-დემოკრატები ეკა ბესელიას ღია მხარდამჭერები არიან და მოსამართლეობის სიის კანდიდატების გაწვევას პარლამენტიდან კატეგორიულად ითხოვენ.

საგაზაფხულო სესია რომ მძიმე იქნება, ამას არც ე.წ. ძველების და არც ე.წ. ახლების გუნდი არ უარყოფს. განხეთქილების გამო, პარლამენტის მთავარი კომიტეტი ამ დრომდე თავმჯდომარის გარეშე მუშაობს.

თებერვლის დასაწყისში ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ეკა ბესელიას შემცვლელის პოვნა და იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება.

დღის ამბები