23 დეკემბერი 2024,   08:22
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სკანდალურ სიას უკან არ გაიწვევენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სკანდალური სია, რომელიც შესაძლოა, მმართველი გუნდის გახლეჩის მიზეზი გახდეს, პარლამენტში დარჩება.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აანონსებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათივე რჩეულზე მსჯელობა აუცილებლად იქნება. ის მიიჩნევს, რომ სია ლეგიტიმურია და პარლამენტს არ აქვს მიზეზი, მის განხილვაზე უარი თქვას.

მდინარაძის განცხადების შემდეგ თანაგუნდელებს ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებას ახსენებს.

ირაკლი კობახიძემ 28 დეკემბერს გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის შემდეგ, იუსტიციის საბჭო პარლამენტს განახლებულ სიას წარუდგენდა. ერთი კვირის შემდეგ ირკვევა, რომ ახალი სია არ იქნება.

სიის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაბრუნებას პირველივე დღეებიდან მოითხოვდა არასამთავრობო სექტორი. დღეს უფლებადამცველებისთვის მმართველი პარტიის იმ დეპუტატების არგუმენტები გაუგებარია, რომლებიც სადავო სიის ლეგიტიმურობის საკითხს არ აყენებენ და დოკუმენტის უკან დაბრუნებას არ გეგმავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს მწვანე შუქს უნთებს.

უკვე ცნობილია ისიც, რომ სადავო სიის უკან გაწვევას არც იუსტიციის საბჭო გეგმავს. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება პარლამენტში ამ სიაზე მსჯელობა ან მოხდება თუ არა განხილვა დაჩქარებული წესით. 

დღის ამბები