TBC ბანკის დამფუძნებელს შესაძლოა ბრალი წაუყენონ. საქმე 17 მილიონის გათეთრებას ეხება. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ 10 წლის წინანდელ საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. საქმეზე უკვე გამოკითხეს მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ასევე კომპანია "სამგორი ემის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი.
საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით არის აღძრული. საგამოძიებო უწყებამ დოკუმენტაცია TBC ბანკიდან უკვე ამოიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წელს კომპანია ”სამგორი ემის” და ”თრეიდის” მიერ TBC -დან აღებულ 17 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც საბოლოოდ ჩამოწერეს და თანხა ბანკში აღარ დაბრუნდა.
ვერსია, რომელსაც პროკურატურა ჰყვება ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სააგენტომ kvira.ge-მ გაავრცელა, მოგვიანებით კი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ის სიტყვასიტყვით გაიმეორა.
TBC ბანკის მენეჯმენტი ინფორმაციას ორკესტრირებულ შავ პიარს უწოდებს და არც სამართლებრივი გზების გამოყენებას გამორიცხავს. ბანკმა დღეს განცხადება ორ ენაზე გაავრცელა. საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწერილ ინგლისურ ვარიანტში კომპანია ადასტურებს, რომ თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა ეს საქმე შეისწავლა და TBC ერთ მილიონი ლარით დაჯარიმდა. დღეს ეს საკითხი უკვე დასრულებული, ტრანზაქცია კი ხანდაზმული.
რატომ შევიდა პროკურატურა TBC ბანკში - ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი ივანიშვილის მხრიდან საბანკო სისტემაზე სრულყოფილი გავლენის მოპოვებაა. ასევე ვერსიად განიხილება კვირიკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხაზარაძის ივანიშვილთან გაუარესებული ურთიერთობა.
წინასაარჩევნო მხარდამჭერი განცხადების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძის მიმართ წყენის გამოსახატავად ივანიშვილი შესაძლებლობას ხელიდან არასდროს უშვებდა, მათ შორის არც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მედიასთან შეხვედრის დროს, ხაზარაძე ღიად გააკრიტიკა და უმადურობაში დაადანაშაულა.