20 ივნისი 2019,   20:15
ვრცლად
სასტიკად ნაწამები ცხოველი, რომელიც გამვლელებმა ტომარაში იპოვეს - ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გაპობილი

ცხოველის სასტიკი წამების მორიგი ფაქტი თბილისში - ბელიაშვილის ქუჩაზე გამვლელებმა ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი შენიშნეს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით ის კლინიკაში მიიყვანეს. გაირკვა, რომ ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი, ვეტექიმის მცდელობის მიუხედავად ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვის ეკუთვნოდა ძაღლი ამ დრომდე დაუდგენელია, ფაქტის თვითმხილველები ჯერ არსად გამოჩენილან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო თუმცა რა შედეგით დასრულდება ცხოველის სასტიკი წამებით მოკვლის ფაქტი უცნობია. ბიოლოგიური მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი.

რამდენად ზომიერია სასჯელი, რომელიც მსგავსი სასტიკი დანაშაულისთვის ვრცელდება - ეს შეკითხვა დღეს ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მთავარი ინტერესის თემა იყო. არასამთავრობოები რადიკალური ზომების მიღებას მოითხოვენ და აცხადებენ რომ სასჯელი ცხოველების არასათანადო მოპყრობის ფაქტზე განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს, ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ცხოველთა დაცვის საკითხზე ხელისუფლება რადიკალური ზომების მიღებისგან თავს იკავებს, ამ დრომდე არსებული კანონმდებლობა, მხოლოდ ფულად ჯარიმას ან რამდენიმე დღიან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გულისხმობს, თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ განსაკუთრებულ და ისიც უიშვიათეს შემთხვევაში ხდება. ამიტომაც ცხოველების უფლებადამცველები კანონმდებლობის შეცვლის ინიციატივით გამოდიან.

დღის ამბები