22 ნოემბერი 2024,   18:12
ვრცლად
„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით"- გია ვოლსკი ეკა ბესელიაზე საუბრობს

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება - ეკა ბესელიას გუნდის წევრები გაჩერებას არ აპირებენ. ამ ფონზე კი პარტიის თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს.

ივანიშვილი განცხადებაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრობს და ღიად აკრიტიკებს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბესელიას თანამდებობიდან გადადგომას გაუგებრობას უწოდებს და მას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.

ივანიშვილის კრიტიკული წერილის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ განხილულა. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, დაპირისპირებული მხარეები ერთ გუნდში ვერ დარჩებიან. მისივე თქმით, შეცდომები იქნა დაშვებული და ამ შეცდომებზე ორივე დაპირისპირებულმა მხარემ უნდა ისაუბროს. 

„გარიცხვა ცუდი სიტყვაა, ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ შეცდომაა და ამ შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ერთმა მხარემაც და მეორემაც,“-აცხადებს გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ როგორ გადაიჭრება გუნდში დაწყებული დაპირისპირება დიდწილად ეკა ბესელიაზეა დამოკიდებული. კახიანი იმედოვნებს, რომ ბესელია "ქართულ ოცნებაში" დარჩება. 

„არასდროს, არაცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ეკა ბესელიას დაეტოვებინოს ფრაქცია. დღესაც ვიტყოდი, ამ განცხადების შემდგომაც, რომელიც ყველამ იხილა, ეს საკითხი არ არის აქტუალური, თუმცა ბევრი რამე დამოკიდებულია ეკაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე პირადად შემიძლია ვთქვა,რომ ეკა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი და ვისურვებდი იგი დარჩეს „ქართულ ოცნებაში“-ამბობს გიორგი კახიანი.

 

დღის ამბები