როგორც ჩანს პარლამენტის თავმჯდომარის გაგულისებულები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამიტომ ესხმიან თავს დეპუტატებს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესახებ მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.
ლევან გოგიჩაიშვილი ამ განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილი კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია, ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესებული პირები არიან და მათი სურვილია სასამართლო "ჯიბეში ჩაისვან."
ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერი თანაგუნდელები აძლევენ მმართველი პარტიის წევრებზე თავდასხმის უფლებას.
„ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, მე მაქვს მანდატი, რომელიც მძიმეა და დღითიდღე მძიმდება ეს მანდატი პასუხისმგებლობით. მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს მისი გაგულისებულები არიან იუსტიციის საბჭოს წევრები და აქედან მოდის მათი თავდასხმები ჩვენს კოლეგებზე, ლევან კობერიძეს დაესხნენ თავს, ეკა ბესელიას, მე მიჩვეული ვარ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უთხრან ამ ადამიანებს, რომ შეეშვან ჩვენი კოლეგების ლანძღვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხები იქნება მწვავე.
"როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შენი ფრაქციის წევრს ლანძღავს კეთილი უნდა ინებო, გამოხვიდე და დაიცვა შენი ფრაქციის წევრი, ლევან კობერიძე უნდა დაიცვას მამუკა მდინარაძემ, უნდა დაიცვას ირაკლი კობახიძემ,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.