23 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ვირუსს დღეს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა 

ე.წ ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი - H1N1 შტამის ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ქუთაისის კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ბიჭის მამა, გია ბერძენიშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ ექიმებმა H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალება დაადასტურეს. 

მისი თქმით, ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა.

გარდაცვლილის მამის განცხადებით, როგორც კი მისი შვილი შეუძლოდ გახდა, ჩოხატაურიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.

"მისი ფეხით ჩავიყვანე. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა და მოერია ეს დაავადება. რეანიმაციაში იწვა პირველივე დღიდან. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და თან გადაგვყვნენ. პრეტენზია მე არ მაქვს,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ, გია ბერძენიშვილმა. 

დღეს დილით H1N1 ვირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმშიც. შუახნის პაციენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ლანჩხუთიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დეკემბრის თვიდან დღემდე H1N1-ით გარდაცვალების 15 შემთხვევა დადასტურდა. ფაქტი დღეს დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა ოფიციალურად  დაადასტურა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები