ხმაურიანი საქმის სკანდალური გაგრძელება. "კურიერმა" თბილისის ცენტრში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა გაარკვია. ის "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია.
წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან "კურიერს" უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო.დაპირისპირება ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. სროლისას ორი პირი დაიჭრა. რა ვითარებაში მოხდა ადუაშვილის დაჭრა უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პასუხისგებაში ორი პირია მიცემული, ეს არის გიორგი ადუაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და მისი მეგობარი კოტე ჯორბენაძე, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა.
როგორც შს მინისტრის მოადგილე ამბობს, ადუაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება საქმეში კორკოტაშვილის მონაწილეობას, მეზვრიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. მეზვრიშვილი მხოლოდ იმას ადასტურებს,რომ სროლას წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტი უძღოდა.
„წინ უძღოდა პირადი კონფლიქტი რაზეც გამოძიება მუშაობს“-ამბობს მეზვრიშვილი.
მისი შვილის კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტს არ ადასტურებს არც გია კორკოტაშვილი, თუმცა ის ამბობს, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირს იცნობს.