21 დეკემბერი 2024,   18:04
ვრცლად
ცოცხლადდამარხული 13 წლის მოზარდი და ღიად დატოვებული თხრილები, რომელიც საფრთხეს ქმნის

ცოცხლადდამარხული 13 წლის მოზარდი - თბილისში, აეროპორტის სიახლოვეს, მერვეკლასელი გიგა მამულაშვილი მიწისქვეშ აღმოჩნდა. 

ოჯახის წევრები საათების განმავლობაში ეძებდნენ მას. მის ველოსიპედს ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოს კედელთან მიაგნეს. იქვე კედლის გასწვრივ თხრილია და ბიძამ და ძმამ მისი ძებნა თხრილში დაიწყეს, მაგრამ როდესაც მის კვალს მიაგნეს, ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.

სავარაუდოდ, გიგა ჯართის შესაგროვებლად თხრილშიჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოინგრა და მას ზემოდან დაეყარა. მოზარდმა თხრილიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. 

ადგილობრივების ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ გიგა თხრილში მიწის ჩამოშლის შედეგად არ დაღუპულა, ვინაიდან თხრილი არც იმდენად ღრმაა, რომ მისი კედლიდან ჩამოშლილ მიწას 13 წლის ბიჭი მოეკლა.

P.S.-მა თხრილი გაზომა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 17.5 მეტრია და იმ ადგილზე, სადაც გიგა იპოვეს, სიღრმე, დაახლოებით, ორი მეტრი და 30 სანტიმეტრია. თხრილის კედელი აქ შედარებით მეტადაა გამოღებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ, დაახლოებით, ერთი თვის წინ თხრილი კედლის იქით მდებარე კომპანიამ ამოათხრევინა, ვინაიდან საკანალიზაციო მილი იყო გაჭედილი. კომპანია, რომელიც ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოა, "პალიტრა ჰოლდინგს" ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა P.S.-ს განუცხადა, რომ კომპანიამ თხრილი თვითნებურად გათხარა და 3000 ლარით დაჯარიმდება.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ,რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. მსგავსი სურათია მიმდებარე ტერიტორიაზე. აეროპორტის გზატკეცილზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლებ, ტროტუარისა და გაჩერების მიმდებარედ რამდენიმე უზარმაზარი თხრილი შემოსაზღვრული არ არის. 

დღის ამბები