22 დეკემბერი 2024,   21:18
ვრცლად
აქცია საპატრიარქოსთან - გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაყვანას ითხოვენ 

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამღვდელოებასა და გარე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გარე მოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაგომის მოთხოვნით თავდაპირველად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასთან გადაინაცვლეს. 

გარე მოვაჭრეების განცხადებით,  ტაძრის წინამძღვარმა ტერიტორიიდან მათი გაყვანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. მათივე თქმით, იღუმენმა არ გაითვალისწინა მერიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო დახლები და მოვაჭრეებს საქმიანობა გაეგრძელებინათ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ სასულიერო პირი სხვა მონასტერში გადაიყვანონ. 

„მოთხოვნა არის გადაყვანილი იქნას ჯვრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და საპატრიარქოსთანც აქციებს გავმართავთ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

გარე მოვაჭრეები ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ და აქციებით იმუქრებიან. 

„თუ მამაოს აქვს ტაძრის დაკეტვის უფლება, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, ჩვენც გვაქვს უფლებები, იმიტომ რომ ეს ტერიტორია არის სახელმწიფოსი, სახელმწიფოს ნაწილი ვართ ჩვენც, გადავკეტავთ გზას და არ შემოვუშვებთ არავის. არ ვიცი, მამაოს რატომ აძლევენ ამდენ უფლებებს, ვინ ეხმარება. ჯობია გააკონტროლონ ის ფასები, რომლებიც უდევთ იქ და „სტავკა“ რომ აქვთ, იმას მიხედონ ჯობია, ვიდრე ჩვენი ოჯახებიდან ლუკმა პურის ამოცლას,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

ზედამხედველობის სამსახურმა მოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად სამ დღიანი ვადა მისცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვაჭრეებს ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანენ. 

გაფრთხილებას წინ უძღოდა შეხვედრა მცხეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შორის, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

გაგვიკრეს გამაფრთხილებელი საბუთი, თუ არ ავიღებთ სამ დღეში დახლებს, თვითონ დაერევიან და აიღებენ. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ჩვენს უკან ხალხი დგას,“ - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 

დაპირისპირება მოვაჭრეებსა და სასულიერო პირებს შორის გასულ კვირას დაიწყო. მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მოვაჭრეების გაყვანა მოითხოვა, ულტიმატუმის ფონზე სასულიერო პირმა ჯვრის მონასტერიც დაკეტა. 

დღის ამბები