19 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
"შიდაპოლიტიკური გარჩევები "ოცნების" შიგნით გავლენების გადასანაწილებლად" - სამადაშვილი უმრავლესობის დაგეგმილ სხდომაზე

მმართველი გუნდი შეკრებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამ შეხვედრას საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელებთან ერთად ხალხის პრობლემების ნაცვლად, გავლენის სფეროების გადანაწილებაზე იმსჯელებს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, უმრავლესობის სხდომიდან მხოლოდ ერთადერთი მოლოდინი იქნება, რომ პარტიის ლიდერები გუნდის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ და გავლენის სფეროებისა და კორუფციის წყაროების გადანაწილებას შეეცდებიან.

„ქვეყანა არის კრიზისში შესული, როდესაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ეკონომიკური ვითარება არის უმძიმესი, საგარეო ფრონტზე ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე, დავკარგოთ ის, რაც მიღწეული გვაქვს და ქვეყნის უსაფრთხოება არის სრულიად მოშლილი - მმართველი უმრავლესობა და ბიძინა ივანიშვილი არიან დაკავებული საკუთარი კლანური ინტერესებით, გავლენის სფეროებით და კორუფციის წყაროების გადანაწილებით მმართველი გუნდის შიგნით. ამიტომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ უმრავლესობის სხდომიდან, რომ გაირკვევა რაიმე ქართველი ხალხისთვის. ეს არის შიდაპოლიტიკური გარჩევები "ქართული ოცნების" შიგნით გავლენების გადასანაწილებლად.“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სხდომა ხვალ გაიმართება. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად გუნდში არსებულ დაპირისპირებას განიხილავს, რაც შესაძლოა, ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვით დასრულდეს. 

დღის ამბები