25 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან სპორტსმენები იკრიბებიან. მოჭიდვეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს და გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ და ამბობენ, რომ ფაქტი ფედერაციაში გარჩევით უნდა დასრულებულიყო.

„არაფერი დანაშაული არ იკვეთება, არ იყო იქ ცემა, არც ძალადობა იყო, შეხლა-შემოხლა იყო,“ - განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სიტუაცია უნდა განიმუხტოს და სპორტსმენებმა ვარჯიშის განახლება უნდა მოახერხონ. 

„მდგომარეობა რაც არის შექმნილი, არის არასასიამოვნო და გეგაც ამას აცნობიერებს და ყველა. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ ერთი არის, რომ ჭიდაობის სამყაროს უნდა მიეცეს იმის საქმიანობის საშუალება, რასაც აკეთებდა. რაც მოხდა, ვთანხმდებით იმაში, რომ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რაც მოხდა და პასუხისმგებლობასაც არ გავურბივართ,“ - განაცხადა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ.

სპორტსმენები ამბობენ, რომ გეგა გეგეშიძის დაკავებით მთავრობამ წითელი ხაზები გადაკვეთა.

„დაკავებას არ ველოდოთ იმიტომ, რომ რაღაც  ფიზიკური, თუნდაც ჩხუბი დაარქვი, პატარა აყალმაყალი, მაგის გულისთვის არცერთ სპორტში და მით უმეტეს ჭიდაობის ოჯახში, არ უნდა ხდებოდეს. ძალადობას მე არ ვეძახი ეგეთ ჩხუბს. დასაჭერი არ იყო. სასამართლოს უნდა ემსჯელა. მთავრობამ წითელ ხაზს გადააბიჯა,“ - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ზურაბ იაკობიშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სპორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროვა 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები