20 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
მხატვარი თამარ მოდებაძე, რომელიც იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა მოკლა ნაწამებია - საქმის ახალი დეტალები

ქართველი მხატვარი იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. 50 წლის თამარ მოდებაძის ნაწამები ცხედარი ნეაპოლში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ძარცვაა. დაკარგულ ქალბატონს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი, საბოლოოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში ნახეს.  დაზიანებები მას ხელებისა და კისრის არეში აქვს. იტალიაში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ მოკლულმა მხატვარმა მკვლელს სავარაუდოდ, საკუთარი ნახატი გასაყიდად მიუტანა. დაკარგულია თანხა და საბუთები.

„ქალბატონი თამარი ხატავდა, თავის შემოქმედება მიუტანია ერთ-ერთ ქალბატონთან ბინაში. ეს იქნება თანხასთან დაკავშირებული. მან მითხრა, რომ რაც კი ვიმუშავე ის თანხა დამაქვს თან. ეს ალბათ სხვასთანაც ჰქონდა ნათქვამი და ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ 4-5 წლის ნამუშევარი თანხა რამდენი იქნებოდა“-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი ქეთევან ქურციკიძე.

საქართველოს კონსული იტალიაში თამთა რჩეულიშვილი აცხადებს,რომ საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა სამართალდამცველებთან და დეტალებზე საუბარი ექსპერტიზის დასრულებამდე შეუძლებელია.

რჩეულიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი გამოკვეთილი არ არის.

„მუდმივ კონტაქტზე ვართ ადგილობრივ პოლიციასთან. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში  ექსპერტიზის ჩასატარებლად. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია ეჭვმიტანილზე არ არსებობს,“-აცხადებს საქართველოს კონსული იტალიაში თამთა რჩეულიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი,რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი იტალიაში აღარ იმყოფება. სავარაუდოდ, ის საქართველოში დაბრუნდა, თუმცა შს სამინისტრო, სავარაუდო ეჭვმიტანილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთას არ ადასტურებს. 

დღის ამბები