26 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
ინტერპოლით ძებნილი საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდა - ოპოზიცია სამართლებრივი სისტემის მოშლაზე საუბრობს 

ჯეკ შეპარდის სკანდალი - ყველაზე ხმაურიანი საქმე, რომლის მთავარი კულმინაცია, "რუსთავი2"-ის კამერების თვალწინ განვითარდა. წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველ სამართალდამცველებზე ადრე, კურიერმა იპოვა. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო 10 თვის განმავლობაში თბილისში თავისუფლად გადაადგილდებოდა, თუმცა სკოტლანდ იარდის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ძალოვანებმა მისი პოვნა და დაკავება ვერ შეძლეს. გუშინ ჯეკ შეპარდმა "რუსთავი2"-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ პოლიციას თავად მიაკითხა

ხელისუფლების ოპონენტები სამართალდამცავ სისტემაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავი სისტემა მოშლილია. 

„ეს საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ „კურიერის“ წყალობით, როდესაც „რუსთავი 2“-მა იპოვა საერთაშორისო ძებნილი, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სამართალდამცავი სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს და არის მოშლილი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ძებნილი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათ შორის კანონიერი ქურდები, რომლებიც ინტერპოლის სისტემაში იყვნენ, შემოდიოდა საქართველოს საზღვარზე და არავითარი რეაგირება არ იყო. განმარტება ჩვენ არც მაშინ არ მოგვისმენია, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო. რატომ შემოუშვეს კანონიერი ქურდები, რატომ გაიტაცეს მუხთარლი. როდესაც სისტემა არ მუშაობს და უბრალოდ მიმართულია პოლიტიკურ დევნაზე, რასაკვირველია არც ერთი ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება არ არის დაცული,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სამართალდამცავ უწყებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ "ევროპული საქართველოს წევრები. 

„ჩემთვის ეს შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ს აქვს განსაკუთრებული რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. როგორც შტატებში არის გავლენიანი მედია საშუალებები, The New York Times ან Washington Post, ესეთი ტიპის მედია საშუალებად ჩამოყალიბდა. ამაზე უფრო მიუთითებს ეს შემთხვევა. არის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება რაღაც ფორმის გარიგებაში იმყოფება დანაშაულებრივ სამყაროსთან და არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება სისტემურ ხარვეზებს რომელიც გამოსასწორებელია,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები