17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
სუს-მა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა.

ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებულ ბრიფინგზე გაკეთდა. 

სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა, დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს, დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

"თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში," - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში. 

გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

დღის ამბები