23 დეკემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"დღეს გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ" - სამუშაო შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულებულია. 6-საათიანი მსჯელობა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები განიხილავდნენ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღევანდელი განხილვა არ გულისხმობდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ შეხვედრებზე უკვე იქნება საშუალება, რომ დეტალურად იქნას ყველა პროექტი დამუშავებული.

„რამდენი კანდიდატი, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, ამ ყველაფერზე ჩვენ გვქონდა საუბარი. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება შემოთავაზებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელი შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვეს. მათ მიერ შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. 

„რაც შეეხება ორ არამოსამართლე წევრს და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია, ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებისთვის. მე დავაზუსტებ, შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა უნდა მოხდეს მის მიმართ საზოგადოების დიდი ნდობიდან გამომდინარე.

„ადამიანის, რომლის შერჩევაც მოხდება სასამართლოში, საზოგადოებისგან ის უნდა იყოს აღქმული, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები