ზუგდიდის ახალ სტადიონზე ჭერი ჩამოინგრა. სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა მისი გახსნა, სავარაუდოდ, გადაიდება.
სტადიონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, შპს „დაგიმ“ ააშენა. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს და მისი ტევადობა 7 200 მაყურებელზეა გათვლილი. თანხის ნახევარი უკვე გახარჯულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა ნესტმა შექმნა, თუმცა გარანტიას ვერ იძლევიან, რომ სტადიონი ექსპლუატაციაში დათქმულ ვადებში შევა.
ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მშენებლობა კორუფციულ გარიგებას ეწირება და ქალაქის მერიას სტადიონთან დაკავშირებით წარმოქმნილ არაერთ პრობლემას ახსენებს.
სტადიონი მშენებლობის დაწყებამდე ქვეყნის მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მოინახულა, მაშინ ის დარწმუნებული იყო, რომ რეგიონში უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდებოდა, თუმცა მას შემდეგ სტადიონი, უხარისხო მინდვრის საფარისა და ბეტონის მოაჯირის მოედანთან სიახლოვის გამო, სპეციალისტების კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა. ჯერ არგახსნილი სტადიონი კი უკვე რეკონსტრუქციას საჭიროებს.
ავტორი: ემა გოგოხია.