22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
მოსკოვის საპატრიარქოს მუქარას კრემლიც შეუერთდა, ორი ქართველი მღვდელმთავარი კი რუსეთში ძღვენით ჩავიდა

მოსკოვის საპატრიარქოს მუქარას კრემლიც შეუერთდა. პატრიარქ კირილის აღსაყდრების იუბილეზე ვლადიმერ პუტინი ღიად დაემუქრა ყველას, ვინც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წავა. ეს იყო კიდევ ერთი გზავნილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე.

საქართველოს შემთხვევაში რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის ეკლესიების აღიარებით, კრემლი კი პოლიტიკური ნაბიჯებით იმუქრება. ორი ქართველი მღვდელმთავარი მოსკოვში ძღვენით ჩავიდა და კირილისადმი მილოცვაში საგანგებოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთად გადავრჩებით.

ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილი წერილი რუსული ეკლესიის წინამძღვარს გორის ეპისკოპოსმა ჩაუკითხა. პატრიარქ კირილის გარდა, დარბაზში ილია მეორის გზავნილს ისმენდა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.

ილია მეორემ ორი მღვდელმთავარი მოსკოვში რუსეთს პატრიარქის ინტრონიზაციის 10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად გააგზავნა.  ნიკორწმინდელი მეუფე ვახტანგი და გორისა და ათენის მიტროპოლიტი ანდრია ყველა ღონისძიებაზე მიიწვიეს, კრემლში ვლადიმერ პუტინთან მიღების ჩათვლით.

რუსი მღვდელმთავრის, ილარიონ ალფევის მუქარას საქართველოში მწვავე პროტესტი მოჰყვა. თეოლოგებმა საპატრიარქოს ორაზროვან პოზიციაში საგანგაშო სიგნალი დაინახეს. მიაჩნიათ, რომ სინოდის წევრები უნდა გათავისუფლდნენ რუსული გავლენისგან და მოსკოვს მკაცრი საპროტესტო გზავნილით უპასუხონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მთელი ქვეყანა საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ელოდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები