22 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
პრეზიდენტმა გერი და ქმრის ნათესავი მრჩევლებად დაინიშნა - ნანა კაშია და ქეთევან მიქაძე კონკურსის გარეშე დაინიშნენ

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამშრომლები ნათესაური ნიშნით შეარჩია.

სანდრო წყარომ პრეზიდენტის სასახლიდან კურიერს რამდენიმე დღის წინ უამბო, რომ თანამშრომელთა გამოცხადებული კონკურსი ფასადურია და სალომე ზურაბიშვილმა მისი უშუალო გარემოცვა თანამდებობაზე უკვე დანიშნა.

კურიერის კითხვას, დაინიშნა თუ არა მრჩევლის თანამდებობაზე მისი გერი - ნანა კაშია და მისი ქმრის დისშვილი - ქეთევან მიქაძე, სალომე ზურაბიშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

კურიერის ინფორმაციით, პრეზიდენტი მეუღლის, ჯანრი კაშიას, შვილს - ნანა კაშიას, ახლო ნათესავ ქეთევან  მიქაძეზე სოლიდურ ხელფასს გადაუხდის, რომელიც ასევე ზურაბიშვილის ქმრის ახლო ნათესავია.

ორივე გადაწყვეტილების შესახებ ზედმიწევნით ინფორმირებულია ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია.

რატომ ნერგავს სალომე ზურაბიშვილი ნეპოტიზმს, ამ კითხვის მოსმენა მისივე ადმინისტრაციის უფროსს არ უნდა.

პრეზიდენტის უარის და დამალული ადმინისტრაციის უფროსის შემდეგ, კურიერმა საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ ითხოვა. 7 დღის შემდეგ ადმინისტრაციაში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ პრეზიდენტის გერი და კიდევ ერთი ახლო ნათესავი სწორედ ზურაბიშვილთან მუშაობენ.

ადმინისტრაციაში ადასტურებენ იმასაც, რომ კაშიასთან და მიქაძესთან კონტრაქტები დაჩქარებულად ისე გააფორმეს, რომ არც ერთ მათგანს კანონით გათვალისწინებული კონკურსი არ გაუვლია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომ მიკერძოებული და ნეპოტისტურია, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის ეტაპზე მყოფ ადმინისტრაციაში ამ დროისთვის კონტრაქტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გაუფორმეს. ასეთ 4-მდე პირს შორის კი 2 სალომე ზურაბიშვილის უახლოესი ნათესავია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლები კი სრულ გაურკვევლობაში არიან. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ისინი ამ დრომდე ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობენ და მათთან პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციიდან თითქმის არავინ კონტაქტობს.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 თებერვალს დასრულდება. შერჩეული ადამიანების ნაწილს კონკურსის გავლა მოუწევს, ნაწილი კი მუშაობას კონტრაქტებით გააგრძელებს.

დღის ამბები