26 დეკემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმე - ზურაბ სოლომნიშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ადვოკატმა გაასაჩივრა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

დაკავებულის უფლებადამცველი ბრალდების აბსურდულობას უწოდებს და შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობს.

ზურაბ სოლომნიშვილს ორი დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ 6 პირს კი გირაო.

„მიგვაჩნია, რომ განჩინება არის დაუსაბუთებელი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

არანაირი საფრთხე მოწმეებზე ზეწოლის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის არ არსებობდა, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ შვიდი ბრალდებულიდან 6 გაათავისუფლა გირაოთი, იგივე ბრალდებით, იგივე მტკიცებულებები იყო საქმეში და ჩვენ ვთვლით, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი განხორციელდა,“-აცხადებს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, გამოძიებამ სულ 17 პირი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მათ კადრები, უცნობი პირისგან სოციალურ ქსელში მიიღეს.

ის დამნაშავე კი, ვინც მასალა სოციალურ ქსელში პირველმა ატვირთა, სამართალდამცველებს ჯერ გამოვლენილი არ ჰყავთ.

დღის ამბები