17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ქადაგიძე-პაპავას მოთხოვნა და ილიაუნის რექტორის პასუხი - გიგა ზედანია რეორგანიზაციის შეჩერებას არ აპირებს

ილიაუნის ბიზნეს სკოლიდან გათავისუფლებული დეკანის, გიორგი ქადაგიძის და ეკონომისტს, გიორგი პაპავას მოთხოვნას, შეჩერდეს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ეხმაურება.

გიგა ზედანია გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულ უწოდებს და რეორგანიზაციის შეჩერებას არ აპირებს. ის რეფორმების შესახებ, ყველა დაინტერესებულ მხარეს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

რექტორის თქმით, რეორგანიზაციის პროცესის დროს, ყველა არჩევითი პოზიცია ავტომატურად წყვეტს საქმიანობას. ზედანია ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძე და გიორგი პაპავა რჩებიან ილიაუნის პროფესორებად.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდება იმ რეფორმის შედეგად შექმნილი სტრუქტურა, რომელიც უკვე დაფუძნდა უნივერსიტეტში. როცა რეორგანიზაცია ხდება, ყველა არჩევითი პოზიცია, იქნება ეს დეკანის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, თუ კოლეგიალურ ორგანოებში წარმომადგენლების, ავტომატურად ჩერდება. როგორც ბატონი გიორგი ქადაგიძე, ისე ბატონი გიორგი პაპავა რჩებიან ილიაუნის პროფესორებად და ყველაფერ დანარჩენზე ცხადია, რომ შეგვიძლია როგორც შიდა, ისე გარე დისკუსია, მანდ პრობლემას ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ 30 იანვარს გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა. გიორგი ქადაგიძის შემდეგ, ილიაუნიდან გაათავისუფლეს გიორგი პაპავაც

ამავე თემაზე
დღის ამბები