საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. განცხადება გედევან ფოფხაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.
ფოფხაძე ამბობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნების" რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ.
გედევან ფოფხაძე იმ გუნდში მოიაზრება,რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ე.წ. ახლების გუნდს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ დაიწყო.
მას შემდეგ რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევად მიიჩნია და ფოფხაძემ უკან გაიწვია.