26 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
გადასარჩენია სასამართლო - არასამთავრობოების ორგანიზებულ დისკუსიაში ოპოზიცია და მმართველი გუნდი მონაწილეობს 

გამოწვევები და ხარვეზები სასამართლო სისტემაში - დისკუსიაში „როგორ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა“ სამოქალაქო სექტორთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც.

სასამართლო სისტემა რომ გადასარჩენია ამაზე საუბრობს „შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. ის ამბობს, რომ სასამართლოსთან ერთად სახელმწიფოებრიობასაც შეექმნა პრობლემა.

„გადასარჩენია სასამართლო და გადასარჩენია ქართული სახელმწიფოებრიობა. ჩვენ მართლაც უძლეველი ერი ვართ, თუ არა ჩვენი უძლეველობა ამდენი ხანი ვერ გაუძლებდა ჩვენი სახელმწიფო ამ რყევებს, რაც განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში შანსები მივიღეთ და ეს შანსები ვაქციეთ ნგრევის ათწლეულებად. ასე, რომ დიახ, სასამართლო გადასარჩენია, სახელმწიფო გადასარჩენია, მაგრამ მე მაქვს იმედი ჩვენი ხალხის, რომელიც ყველაზე მეტად არ ეგუება უსამართლობას და არ ეგუება ტყუილს,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას „თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს სრულად დამორჩილებას ცდილობს.

„უსამართლო სასამართლო ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისმა ფორმალურმა ხან არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაიმორჩილოს ბოლომდე სასამართლო და იგი ჩააბაროს მოსამართლეების იმ კლანს, რომლებიც დახელოვნდნენ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური დავალებების შესრულებაში,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრისთვის მზადაა, თუმცა, ამბობენ, რომ მსჯელობა პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი უნდა იყოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ შინაარსობრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს პრობლემებთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი მსჯელობა, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაეთმობა შინაარსობრივ საკითხებს, რომელიც იქნება დაცლილი პოლიტიკური ვიწრო პარტიული ინტერესებისგან და მოემსახურება, სწორედ შინაარსობრივ საკითხებს, რომელიც მიზნად დაისახავს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, გვექნება ყველა შეხვედრაზე მონაწილეობის სურვილი. ხო აი სათაურთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაქვს, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები