24 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
სკანდალური გადაწყვეტილება - პრეზიდენტის მიერ მრჩევლად დანიშნული მაია ცაბოშვილი ქვეყანას, ფაქტობრივად, აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური, თუმცა მოსალოდნელი საკადრო გადაწყვეტილება - პრეზიდენტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მრჩევლად ნიშნავს ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად იზიარებს მის შეხედულებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს მრჩეველი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილია. კონფლიქტოლოგი, რომლის განცხადებებსაც არაერთხელ გამოუწვევია პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეშფოთება.

მისი განცხადებებიდან ყველაზე ცნობილი ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დაწყების მიზეზად ქართული შოვინიზმის დასახელება და 2008 წლის ომში ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებაა. მაია ცაბოშვილის განცხადებები ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება, რის გამოც ერთ-ერთი გამოცემა ჰაკერული თავდასხმის ობიექტიც გახდა.

ფორუმ.ჯის მომხმარებლის პირადი გვერდის გატეხვა მას შემდეგ სცადეს, რაც სულხან წულაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ახალ მრჩეველს მაია ცაბოშვილს წლების წინანდელი განცხადებები გაუხსენა, კანადაში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისაღებად მაშინ ცაბოშვილი საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მძიმე დანაშაულებების ჩადენაში ადანაშაულებდა. forum.ge-ზე მაია ჩიგოევა-ცაბოშვილის ასეთი რამდენიმე განცხადება ინახება.

მისი განცხადებები წლების განმავლობაში რუსულ გამოცემებში იბეჭდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ იარაღი იყო. ოპოზიციაში აინტერესებთ გადაამოწმეს თუ არა მაია ცაბოშვილის რუსული კავშირები თანამდებობაზე დანიშვნამდე ქართლმა სპეცსამსახურებმა.

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა და კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დევნასა და შანტაჟში დაადანაშაულა. სავარაუდოდ ის ქვეყნაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაია ცაბოშვილის რუსულ კავშირებზე პასუხისმგებლობა აირიდა და თქვა, რომ ამის გადამოწმება სალომე ზურაბიშვილის გუნდის მოვალეობა არ იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მაია ცაბოშვილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტია.

დღის ამბები