19 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
თავდასხმა ციხის კადრების ავტორზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილი პატიმრის დედასთან

თავდასხმა ციხის კადრების ავტორზე - „კურიერმა“ ყოფილი პატიმრის დედასთან, რომელიც დღეს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, ინტერვიუ ჩაწერა.

ყოფილი პატიმრის თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი ყვება, რატომ დაესხა თავს მისი შვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს. შორენა ქალდანი ამბობს, რომ დაპირისპირების ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო.

დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე აწამებდა. ოჯახის მტკიცებით, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.

თენგიზ ნაზღაიძემ გლდანის ციხე 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ლადო ბედუკაძის დასჯას ითხოვს, მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეიტანეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. წამების ფაქტებზე წერილი ოჯახმა ეკა ბესელიასაც გაუგზავნა.

ჩხუბს ტაძრის ეზოში ბევრი თვითმხილველი ყავს, ადგილზე მყოფებმა გაიგეს როგორ ახსენებდა ყოფილი პატიმარი ნაზღაიძე ვლადიმერ ბედუკაძეს ციხეში მაზე განხორციელებულ ძალადობას.

ციხის სკანდალური კადრები ავტორი კი მასზე თავდასხმაში ოპოზიციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.

ლადო ბედუკაძეს თავს დღეს ორჯერ დაესხნენ. გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს მოქალაქე დღის ბოლოს ისევ ქაშუეთთან დაუპირისპირდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბედუკაძე დილის ინციდენტზე ინტერვიუს „პალიტრანიუსს“ აძლევდა.

ყოფილი პატიმარი, რომელმაც დღეს ლადო ბედუკაძე სცემა, გამოკითხვის შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, მომხდარ ინციდენტზე მას კამერების წინ საუბარი არ სურს.

ლადო ბედუკაძე საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გახდა. კადრების გავრცელების დროს ისიც ერთერთი ბრალდებული იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებული საპატიმროში მხოლოდ რამდენიმე დღე იყო.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დაპირისპირების ორივე მონაწილე პოლიციამ უკვე გამოკითხა. მათ სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდათ.

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი

დღის ამბები