25 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
გლდანის ციხის ჯალათის გმირად ქცევა - "კურიერმა" მოიპოვა მასალები, სადაც ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ უამრავი პატიმრის ჩვენებაა

გლდანის ციხის ჯალათის გმირად ქცევა - კურიერმა 9-ტომიანი სისხლის სამართლის საქმე მოიპოვა, სადაც ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ პატიმრების უამრავი ჩვენებაა.

პროკურატურაში ათობით მოწმის ჩვენება დევს, რომელიც ადასტურებს, რომ ბედუკაძე პატიმრებს ყველაზე სასტიკი მეთოდებით აწამებდა და შემდეგ ამ ყველაფერს თავად ვიდეოკამერით იღებდა.

2012 წლის 18 სექტემბერს ბედუკაძის მიერ გადაღებულმა სატელევიზიო ეთერში გასულმა კადრებმა მთელი საქართველო შეძრა. პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ქმედებებში თავად ბედუკაძე რომ მონაწილეობდა, ამას მის მიერ გადაღებული მასალა ადასტურებდა.

სასტიკ დანაშაულზე გამოძიება 2012 წლის 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, თუმცა, არჩევნებში ოცნების გამარჯვების შემდეგ ძიება გაგრძელდა.

კურიერის მიერ მოპოვებული საიდუმლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბედუკაძე პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდა.

პატიმრები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ამბობენ, რომ გმირად გამოცხადებული ციხის ჯალათი სექსუალური ძალადობის ინსცენირებას ახდენდა - თითქოს, პატიმრებს აუპატიურებდნენ, ამ კადრებს კი კამერით იღებდა და ინახავდა.

ჩვენებებით დგინდება, რომ ბედუკაძე პატიმრებზე ძალადობდა თავად და ბრძანებას აძლევდა სხვებსაც.

მსჯავრდებულების სკანდალურ ჩვენებებს, საქმის მასალების მიხედვით, კიდევ უფრო ამყარებს მერვე დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები. ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებენ, რომ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ბედუკაძის მიერ იყო ორგანიზებული.

ეს პირდაპირი ჩვენებები და თავად ბედუკაძის აღიარება, რომ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მონაწილეობას ნამდვილად იღებდა, გამოძიებისთვის მის დასაკავებლად მაშინ საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლადო ბედუკაძე, სავარაუდოდ, ერთადერთია, რომელის შემთხვევაშიც მთავარმა პროკურორმა ექსკლუზიური უფლება გამოიყენა და ის სასჯელისაგან სრულად გაათავისუფლა.

დღეს პროკურატურას არა აქვს პასუხის ადამიანებისთვის, ვისაც ბედუკაძე ციხეში აწამებდა და ვინც მის წინააღმდეგ ციხის დატოვების შემდეგ პროკურატურაში იჩივლა. გმირად გამოცხადებული ციხის ჯალათი ოცნების მთავრობის პირობებში ხელშეუხებელია.

დღის ამბები