22 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორს გაუპატიურებით ემუქრებიან

სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორი თავდასხმის ობიექტი გახდა. გენდერის მკვლევარი ხატია ახალია ყოველდღიურად მისი მისამართით წამოსულ უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს.

ორგანიზაცია განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ინტერნეტსივრცეში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილები განათავსა. მას გაუპატიურებით ემუქრებიან.

ხატია ახალაია ამბობს, რომ ამ მუქარის შემდეგ სახლის დატოვების ეშინია. ეშინია, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.

ხატია ფიქრობს, რომ მუქარის მიღმა დგანან რადიკალური ჯგუფები, რომელთაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და მათ რეალურად მისი ვიდეოგაკვეთილები არც კი უნახავთ. არადა, თვლის, რომ ეს ვიდეოები მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მისი თქმით, მაშინ, როცა მოზარდებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ისინი ინტერნეტის უკონტროლო სივრცეს ან პორნოგვერდებს მიმართავენ, სადაც ხშირად ინფორმაციას დამახინჯებული გზებით იღებენ და ეს მოზარდის ფსიქიკაზე კარგად არ აისახება.

ხატია ახალაია განმარტავს, რომ  აქედან გაჩნდა ვიდეოგაკვეთილების იდეა, რათა მოზარდებმა ინტერესი სწორად მიწოდებული ინფორმაციით დაიკმაყოფილონ.

სექსუალური განათლების შესახებ შექმნილი ვიდეოგაკვეთილების ავტორი პროკურატურას გამოძიების დაწყებას, სახელმწიფოს კი საკუთარი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

 

 

 

ავტორი: რუსკა გიორგაძე

დღის ამბები