25 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატებს კობახიძე, ივანიშვილის ბრძანებით, პარტიიდან გაგდებით ემუქრებოდა

ქართული ოცნების დეპუტატებს, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ირაკლი კობახიძე პარტიიდან გაგდებით ემუქრებოდა. ამის მთავარი მტკიცებულება ჟურნალისტების ხელშია. საპარლამენტო უმრავლესობიდან მუქარის SMS-მა გამოჟონა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა დეპუტატს გაუგზავნა.

„კონსტიტუციისა და პოლიტსაბჭოს პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მხარდაჭერა, მით უმეტეს, იმ პარტიასთან კონსენსუსით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს, 2012 წელს, არის კონსტიტუციისა და პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ,“ - წერია შეტყობინებაში.

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში ხმოვანი შეტყობინება იმ დროს გააგზავნა, როდესაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზში კულმინაციას მიაღწია.

პარტიის თავმჯდომარე პროცესებს საკანონმდებლო ორგანოს მოპირდაპირე შენობიდან აკონტროლებდა.

რა მითითება მისცა ქართული ოცნების ლიდერმა დაპირისპირებულ თანაპარტიელებს, ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა.  

კურიერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ხმოვანი შეტყობინებები პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა, რომელმაც პარტიის ლიდერის მითითებებს წერილობითი ფორმა მისცა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, უმრავლესობის წევრებს საერთო მიმოწერაში გაუგზავნა.

კობახიძე პარტიიდან გარიცხვით დაემუქრა ყველას, ვინც ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროეტს ხმას მისცემდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მუქარის SMS-მა თავდაპირველად გამოცემა ტაბულაში გაჟონა.

ინფორმაციის გასაჯაროებამ ქართულ ოცნებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია.

პარტიის გარიცხვის მუქარის მიუხედავად, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობიდან 17 მხარდამჭერის მობილიზება მაინც შეძლო. მათ ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებულ კანონპროქტს, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, მხარი დაუჭირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. მათ შორის იყვნენ ის დეპუტატებიც, ვინც ბესელიას ინიციატივას "ანტიკონსტიტუციურს" უწოდებდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტელეკამერების წინ აკრიტიკებდა.

მამუკა მდინარაძე ერთ-ერთია მმართველი გუნდის ლიდერებიდან, ვინც კენჭისყრის დროს დარბაზში იმყოფებდა, მაგრამ პულტისთვის ხელი არ დაუჭერია.

შეკითხვა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, უმრავლესობის წევრებს აღიზიანებთ.

ბიძინა ივანიშვილი, საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების გამო, დაემშვიდობა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც პოლიტიკაში მოვიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით, ქვეყნის სასამრთლო სისტემას მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება აკონტროლებს და მმართველი პარტიისთვის გადამწყვეტ საქმეებზე განაჩენი მოსამართლეებს მათი მითითებით გამოაქვთ.

კლანთან საკონტაქტო პირი მმართველი პარტიიდან დეპუტატი ვანო ზარდიაშვილია. ის ტელეკამერებს გაექცა.

პარლამენტის მიერ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ბესელიამ გუნდიდან დემარშით წავიდა. მას პარტია ისე დატოვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გვარი საერთოდ არ უხსენებია.

არსებობს ვერსია, რომ ბესელიასა და ივანიშვილს შორის პოლიტიკური გარიგება შედგა. ეკა ბესელიამ, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წლისთავზეც ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან პერიოდს აბრალებს, გუნდიდან წავიდა, შესაძლოა, ასეთივე პოლიტიკური განწყობის ადამიანები შემოიკრიბოს, შემდეგ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშე გახდეს. ვერსიის თანახმად, ქართული ოცნების თავმჯდომარე კი პოლიტიკურ მოედანზე ორი გუნდით იასპარეზებს.

კურიერის კითხვაზე, იქნება თუ არა ბესელია ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშე, დეპუტატმა პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ 2020 წელს უნდა დაველოდოთ. 

 

დღის ამბები