17 სექტემბერი 2019,   15:29
ვრცლად
ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვის მოთხოვნა და პროტესტი თბილისში - 300-მდე სვანმა ხატზე დაიფიცა

სვანეთის მოსახლეობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვას ითხოვს. ადგილობრივები გარემოს დამცველებთან ერთად ამ წუთებში თბილისში კულტურის ცენტრ "მუზაში" არიან შეკრებილები.

ისინი შესაბამის პეტიციაზე მუშაობას იწყებენ. შეხვედრაზე მიწვეულები არიან მთავრობის წევრები, თუმცა ისინი კულტურის ცენტრში ჯერ არ გამოჩენილან.

იელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პეტიციას სალომე ზურაბიშვილს, მამუკა ბახტაძეს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნიან.

მათი მოთხოვნაა, რომ საწარმოო წესით ოქროს მოპოვება არ მოხდეს, ასევე გაუუქმდეს ლიცენცია კომპანია „ოპტიკალ სისტემს,“ რომელმაც გაზაფხულიდან სვანეთში ოქროს მოპოვება უნდა დაიწყოს.

სვანები ითხოვენ, რომ დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივებს აცნობონ ხოლმე. მათი თქმით, თუ საწარმოს მუშაობა დაიწყება, სვანეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. „კურიერის“ ინფორმაციით, იმისთვის, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში საწარმო არ ამოქმედდეს, 300-მდე სვანმა ხატზე დაიფიცა.

„კურიერი“ ცოტა ხნის წინ „ოპტიკალ სისტემს“ დაუკავშირდა. მისი წარმომადგენლის თქმით, სამუშაოებს რამდენიმე კვირაში დაიწყებენ. მათი თქმით, სვანეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დგას. კომპანიაში ოქროს მოპოვების პროცესში სვანების ინტერესებს ხედავენ.

დღის ამბები