18 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
TBC ბანკის სკანდალური საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში არ მივა, ოპოზიცია კანონის დარღვევაზე საუბრობს 

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი TBC ბანკის საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კითხვებს გაექცა. კობა გვენეტაძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავი აარიდა უმწვავეს შეკითხვებს, რომელიც TBC-დან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაშვებას უკავშირდება.

“თუ ეს განცხადება დარჩა ძალაში და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მოდის პარლამენტში, ეს ნიშნავს, ერთს მხრივ  პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის უპატივცემულობას და მეორეს მხრივ კანონის დარღვევას და კარგი იქნება თუ ბატონი გვენეტაძე ჯერ კანონში გაერკვევა და მერე გააკეთებს იმის შეფასებას, რატომ მიაჩნია მას არასწორად მოსვლა და რატომ არ უნდა მოვიდეს. ეს არ არის მისი დისკრეცია, მას აქვს ვალდებულება, რომ, როდესაც პარლამენტი დაიბარებს მოვიდეს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

იყო თუ არა პოლიტიკური ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და რატომ დააყენა "ეროვნულმა ბანკმა" TBC-სთვის სანქციების დაწესებით დარტყმის წინაშე ქვეყნის საბანკო სისტემა- ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხის მიღება დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან სურდათ. თუმცა ვინ დგას მიმდინარე ზეწოლის უკან, ამის შესახებ პარლამენტში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ისაუბრებენ.

საკომიტეტო მოსმენა რომ მწვავე იქნება ცხადია, რადგან TBC-ის დამფუძნებლებმა მთავრობა რეკეტში არაერთხელ დაადანაშაულეს.

„ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არის მთავრობის ტყვე. ფაქტობრივად, შედგება თუ არა კომიტეტის სხდომა, ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. ანუ ამ ქვეყნად არ არსებობს არც პარლამენტი, არც მისი რეგლამენტი, არც კომიტეტი. მიუხედავად იმისა, გამოცხადდება თ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს სხდომა არ უნდა ჩაიშალოს. ეს არის თიბისი ბანკთან და ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მიჩქმალვისა და სიმართლის არ თქმის მცდელობა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობა კი აქცენტს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე აკეთებს. მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა და TBC-ის ხელმძღვანელობამ პრობლემები მოაგვარა. 



ამავე თემაზე
დღის ამბები