„ჩემი გასვლა- არგასვლის საკითხი არ დგას ახლა მე მგონი, ყოველ შემთხვევაში ჩემში“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
ნუკრი ქანთარია უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის რაც უმრავლესობაში ვითარდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ქანთარია ამბობს, რომ პოზიციას, რომელიც უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილებას უმყარებს ის საქმეა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი.
„სასიამოვნო პროცესები არ მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო, გახსოვთ ალბათ. ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას ახლა. მე მგონი, ყოველ შემთხვევაში, ჩემში ეს არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ჩვენი საუბრების შემდეგ მე გამიჩნდა რწმენა, რომ თანადგომა მას კი არა პირადად, არამედ რა საქმესაც მან მოკიდა ხელი, გაცილებით უფრო სჭირდება ახლა სწორედ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მმართველ გუნდში არსებული განხეთქილების გამო საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა უკვე დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ ასევე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.
ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.