24 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ - ხაზარაძე 

„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“ - ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

ხაზარაძე დღეს პარლამენტში ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ იმყოფებოდა, თუმცა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა და დეპუტატებს არც ბანკის დამფუძნებლებისთვის და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის არ მოუსმენიათ.

მამუკა ხაზარაძემ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის გამო.

ხაზარაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება, რომ თითქოს პარლამენტში მისვლით და მსჯელობით, „თიბისი ბანკს“ რაიმე სახის ზიანი მიადგებოდა. 

მისივე განცხადებით, დღეს საკითხი უკვე აღარ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და „თიბისის“, საკითხი ეხება ქვეყნის რეპუტაციას და მის სტაბილურობას. 

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა ჩვენს აქ გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო თიბისიზე და საერთოდ საქართველოს იმიჯზე, ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები მოსულები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას... ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“ - ამბობს ხაზარაძემ.

დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ. საქმის ირგვლივ დეპუტატების კითხვებისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა ეპასუხათ. 

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომა, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები