ეკა ბესელიას პოლიტიკური ბრალდება ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ - პარლამენტის წევრის განცხადებით, მას ყოფილი თანაგუნდელები „ქართული ოცნებიდან“ ახლა ფრაქციის შექმნაში ხელს ყველა საშუალებით უშლიან.
ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობის იმ წევრებს, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩა, ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების ეშინიათ. გარდა ამისა, პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ მას და მისი თანამოაზრეებს ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს.
„კონსულტაციები დაწყებულია. უკვე რამდენიმე ადამიანი გვყავს, ვინც თანამოაზრეა. რა თქმა უნდა, იქნება პროცესში ბარიერები და ხელშეშლები და გარკვეული ხელოვნური წინაღობები, რასაც ვხედავ და ვგრძნობ, მაგრამ გადალახვადი მგონია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის წევრმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში ფრაქციის შექმნას გეგმავს. ბესელიას განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს იწყებს და ამბობს, რომ შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.