24 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
51 ათასი კვ.მ მიწა ივანიშვილითან დაახლოებული ოჯახისთვის - მერიამ სარეკრიაციო ზონაში მდებარე ფართი "ქართუს" დირექტორის დედას გადასცა

ათასობით კვადრატული მეტრი ფართობი თბილისის რეკრიაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს დირექტორის ოჯახს იჯარით გადაეცა.

მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში რამდენიმე თვის წინ დაფუძნებულ კომპანიას არც კონკურენტი ჰყავდა და დედაქალაქის მთავრობას არც განსაკუთრებული პირობები დაუდგენია.

ოფიციალურად დოკუმენტებში ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირის -  ფონდი ქართუს დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეტიანის, დედა ფიგურირებს.

სწორედ მალვინა მაჩაბელია ახლადდაფუძნებული კომპანია ივაგანის 45-პროცენტიანი წილის მფლობელი, რომელმაც თბილისის მერიისგან 51 ათასი კვადრატული მეტრი მიწა თბილისში დიღმის ჭალებში 10-წლიანი იჯარით მიიღო. თუმცა, თავად მალვინა მაჩაბელი აცხადებს, რომ მან არ იცის, რა კომპანიაზეა საუბარი და რა მიწის ნაკვეთი გადაეცა აღნიშნულ კომპანიას.

ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის გარემოცვამ იჯარით ხუთი ჰექტარი მიწა აიღო, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, ხელოსნების ქალაქი უნდა გაშენდეს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აუქციონის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ნიკოლოზ ჩხეტიანის კომპანია შემთხვევით ვერ გახდებოდა.

ამის საფუძველს მათ ის მაგალითები აძლევთ, როდესაც განსაკუთრებული და გამარტივებული პირობები თბილისში იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ან მისი გარემოცვის ინტერესები ჩნდება, მომენტალურად იქმნება. ასე მოხდა ნიკოლოზ ჩხეტიანის შემთხვევაშიც.

ჩხეტიანს ინტერესები კიდევ ერთ შპს-ში უჩნდება. ოფიციალური მონაცემებით, ის არაერთი კომპანიის მფლობელი და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირია.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ მიწა ჩხეტიანის დედის კომპანიამ რეკრიაციულ ზონაში იჯარით აუქციონის შედეგად მიიღო, თუმცა, თბილისის ვიცე-მერი დღეს ამტკიცებდა, რომ ვინ დგას რეალურად ამ კომპანიის უკან, ამის შესახებ პრაქტიკულად კურიერისგან შეიტყო.

დღის ამბები