18 მაისი 2024,   07:51
ვრცლად
ივანიშვილი რატომ ვაჭრობს საქართველოს სახელით, ვინ არის, რომ რუსეთს მესიჯებს უგზავნის? - ოპოზიცია

აბაშიძე-კარასინის შეხვედრასა გაჟღერებულ გზავნილებს ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ფორმატი მიუღებელია. მათი თქმით, ეს დიალოგი საიდუმლო შეხვედრად გადაიქცა. ოპოზიციის შეფასებით, მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე საჯაროდ მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს, პირისპირ საუბრისას გაჟღერებული მესიჯები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს, კარასინთან შეხვედრამდე რა სტატუსით შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზურაბ აბაშიძეს.

„ბატონმა აბაშიძემ თქვა, რომ მას პირად შეხვედრაში არანაირი მუქარა არ მიუღია ბატონი კარასინისგან, მაშინ, როდესაც საჯაროდ კარასინმა ეს მუქარა საჯაროდ გააჟღერა. მუქარა შეიძლება ეხებოდეს, როგორც ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ასევე საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ამის გადატანა პირად საუბარში მუქარის არარსებობის კონტექსტში არის სასაცილო. მეორე, რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც მიიღო კარასინმა ივანიშვილისგან, ეს არის სერიოზული საკითხი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი რა უფლებამოსილებით აგზავნის რაიმე გზავნილს რუსეთში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელით რუსეთთან ვაჭრობს.

„ბიძინა ივანიშვილი რატომ ვაჭრობს საქართველოს სახელით, ვინ არის თანამდებობრივად, უფლებამოსილების მიხედვით, კონსტიტუციურად ვინ არის ეს კაცი, რომ რუსეთს მესიჯებს უგზავნის. ერთი კაცი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა. პრეზიდენტია, პრემიერია, რამე ოფიციალურ თანამდებობა აქვს, რა ხდება ჩვენს თავს?“- განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენელების აზრით, რუსეთი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვას ხელს უშლის.

„მთავარი ინტერესია, რომ საქართველო არ მოწყდეს რუსულ სივრცეს და არ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში, რაც საქართველოს დეკლარირებული კურსია, რასაც აუცილებლად მივაღწევთ,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები