19 მაისი 2024,   01:10
ვრცლად
„თიბისი ბანკის" საქმის ახალი ფიგურანტები პროკურატურას არ დაუკითხავს - პაატა ღაძაძის ჩვენება საქმის მასალებში არ დევს

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმის მონაწილეებად გამოცხადებული პირები პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს. სანდო წყარო მთავარი საგამოძიებო უწყებიდან „კურიერს“ უყვება, რომ საქმეში არ დევს პაატა ღაძაძის ჩვენება, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა.

ღაძაძე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად „თიბისის“ 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან სკანდალის შემდეგ პოსტი დატოვა და პირველი იანვრიდან „თიბისი“ დაზღვევის ხელმძღვანელად დაინიშნა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი "თიბისი დაზღვევის" ოფისში მივიდა, რათა პაატა ღაძაძეს გასაუბრებოდა, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფებოდა. 

საქმის მასალების მიხედვით, პაატა ღაძაძეა ოფშორში რეგისტრირებული იმ კომპანიის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ბანკიდან სესხად გატანილი და შემდეგ ჩამოწერილი 17 მილიონის უკან დაბრუნების ვალდებულება აიღო.

"კურიერის" წყაროს ცნობით, ამ დრომდე არ დაუკითხავთ "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორმა მედიას გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისედაც ცნობილი ფაქტები თავიდან უამბო. საგამოძიებო უწყება დღეს ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მათთან დაახლოებული ბიზნესმენის დახმარებით გაათეთრეს. ბიზნესმენის გვარი პროკურორს არ უხსენებია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს გულისხმობდა. წერეთელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. 

გუშინდელ ბრიფინგზე ინიციალებით მოიხსენიეს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფულის გათეთრების სქემის მონაწილე პაატა ღაძაძეც იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები