17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
ხელისუფლებამ არჩევნებზე გამოიყენა მოსყიდვა, უპრეცენდენტო ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსი - ლევან ბეჟაშვილი ეუთოს დასკვნას ეხმაურება 

„საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ეუთოს დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს შემაჯამებელი დასკვნა მწვავე შინაარსისაა და არაერთ დარღვევაზეა საუბარი.  მათ შორისაა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები.

ლევან ბეჟაშვილმა არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია.

ოპოზიციური პარტიის წევრი მთელ პოლიტიკურ სპექტრს თამაშის წესების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებისკენ იქნება მიმართული.

„ხელისუფლებამ გამოიყენა მოსყიდვა, უპრეცენდენტო ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსი და პრაქტიკულად, მეორე ტური არჩევნების იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც კი საქართველოში ჩატარებულა. ამიტომ, ხელისუფლების თვითკმაყოფილება კიდევ უფრო გაურკვეველი არის და ეს კიდევ უფრო მეტ სიგნალს უნდა აძლევდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას, NGO სექტორს, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ თამაშის წესების შეცვლაზე, საარჩევნო სისტემის კარდინალურ შეცვლაზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

ეუთოს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

დღის ამბები