17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
"ეს არ იყო მოსყიდვა" - ეუთოს დასკვნის კრიტიკულ ნაწილს მმართველი პარტიის წევრები არ იზიარებენ

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას, სადაც პირველი და მეორე ტურის ჩატარება კრიტიკულად არის შეფასებული და არაერთ დარღვევაზეა საუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

სადამკვირვებლო მისია არჩევნებისას მოსყიდვის ფაქტებზე და ხმების შესაძლო ყიდვაზე საუბრობს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 

სოფო ქაცარავას განცხადებით, შეფასება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 600 ათასი მოქალაქისთვის საბანკო ვალების ჩამოწერა, არჩევნებს არ უკავშირდებოდა. 

„არ ვიზიარებ ამ შეფასებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ მთავარი გზავნილი, რაც აისახა ეუთოს ანგარიშში არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი, შესაბამისად, ეს არის ის მთავარი გამოხატულება და მესიჯი, რასაც ვთვლი, რომ არის მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში,“ - ამბობს ქაცარავა.

ვალების განულების საარჩევნო პერიოდისთვის დაკავშირება მიზანშეუწონლად მიაჩნია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ცქიტიშვილსაც. დეპუტატი განმარტავს, რომ 600 ათასი მოქალაქისთვის სესხის დაფარვა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიგეგმა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რა ვორდინგით არის ნახსენები, მესმის, რომ ეს საკითხი გაჩნდა ეუთოს დასკვნაში. მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო მოსყიდვა, ეს იყო ადრე გაცხადებული, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაცხადებული პოლიტიკის შედეგი, რომელიც იმ მომენტში უნდა გაცხადებულიყო, იმიტომ, რომ რაღაც პროცესი უნდა დასრულებულიყო და 2019 წლის დასაწყისიდან უკვე განულებული შეხვედროდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჰქონდა ვალი. ამიტომ, მე ეს მოსყიდვად არ მიმაჩნია, მით უმეტეს, მსგავსი განცხადება ჰქონდა ოპოზიციასაც და მაშინ მათაც ჰქონდათ მცდელობა მოსყიდვის,“ - ამბობს ცქიტიშვილი.

ეუთოს დოკუმენტი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

ამავე თემაზე
დღის ამბები